ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ბეჟაშვილის თქმით, ზურაბიშვილისადმი მათი მთავარი მოთხოვნაა, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მისი წილი პასუხისმგებლობა შეასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
"იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აქვს არანაირი კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი და ქართული ოცნება ამას იყენებს, რომ გადავუხვიოთ მთავარი თემებიდან. იმავდროულად ნაციონალური მოძრაობა მკაფიო ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, იმავდროულად პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რომ ვთხოვთ, რომ შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
ამ იმპიჩმენტის პროცედურაში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს, საერთოდ უსაფუძვლო არის და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან შეასრულოს მისი წილი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი", - თქვა ბეჟაშვილმა.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.