ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას განცხადებას ცინიკურს უწოდებს.
"სამთავრობო დაცვის ხელმძღვანელის განცხადება ცინიკურია და ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი გამოძიება და გენერალურმა პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს საგამოძიებო პროცედურები, დაიკითხოს ყველა თანამდებობის პირი, რომლებიც შემხებლობაში შეიძლება იყოს ამ კორუფციულ დანაშაულთან, რომელიც დაკავშირებულია პრემიერმინისტრის და მისი ოჯახის წევრების სამთავრობო ხარჯებით მოგზაურობასთან", - ამბობს ბეჟაშვილი.
სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერის ფული მისმა მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისი თქმით, ჯორჯიან ეარვეისს 34 ათასი ევრო გადაუხადეს, თუმცა, თანხა შესაძლოა დაკორექტირდეს.
7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
9 სექტემბერს TV პირველთან ინტერვიუში Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა დაადასტურა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა - მისივე განცხადებით, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. კერძოდ, როგორც გაიაშვილმა აღნიშნა, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე უკვეთავს.