ბავშვის განვითარების ინსტიტუტი: შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი: შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია

ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი ილიას უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ინსტიტუტის განცხადებით ავარიულია C კორპუსი, რაც აკრედიტებული საექსპერტო კომპანიამაც დაადასტურა. მათი თქმით, შენობა "არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია."

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, ამ სასწავლო წელს მოცემული კორპუსი დაიხურება, ხოლო ამ დროისთვის სხვა ცენტრებთან მიმდინარეობს კომუნიკაცია ბენეფიციართათვის შესაბამისი სერვისის მიწოდების გაგრძელებისათვის.

"ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ. თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფრთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყვეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დაეხურა C კორპუსი, რომლის ჭერქვეშ ბავშვებისა და სტუდენტების ყოფნა, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველია.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში", - ნათქვამია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.

***

დღეს სოციალურ ქსელში მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა დაწერა, რომ მიიღეს ინფორმაცია ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი დახურვასთან დაკავშირებით - მისი განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია სწავლის დაწყების წინა დღეს მიაწოდეს და ასზე მეტ ბენეფიციარი ცენტრის გარეშე რჩება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, აკრედიტებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე აქვთ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ილიაუნის კანცლერის, ქეთი ლაკირბაიას თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სწავლისა და კვლევის პროცესები სხვადასხვა შენობაში გადანაწილდეს.

ის ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასაც ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დახურვასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ბენეფიციარები სხვა სივრცეებში გადანაწილდნენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ილიაუნის ამ ავარიულ შენობაში მდებარეობდა.