აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ვაშინგტონი მხარს უჭერს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი მოსახლეობა.
იქამდე, სანამ ბაიდენი მიმართვას გაავრცელებდა, ის ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა.
"დღეს ებრაელ ხალხზე ხორციელდება ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ. ტრაგედიის ამ მომენტში, მინდა მათ და მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ შეერთებული შტატები ისრაელის გვერდითაა. ისრაელს აქვს თავისი და მისი ხალხის დაცვის უფლება.
ტერორისტულ თავდასხმას გამართლება არასდროს აქვს და ჩემი ადმინისტრაციის მიერ ისრაელის უსაფრთხოების მხარდაჭერა არის მყარი და ურყევი. უფლება მომეცით, რაც შეიძლება ნათლად ვთქვა, ახლა არაა დრო, ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილმა რომელიმე მხარემ ეს თავდასხმები გამორჩენის მიზნით გამოიყენოს. მსოფლიო პროცესებს აკვირდება", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა დღეს, გამთენიისას გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო - ისინი აცხადებენ, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა ისროლეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა ომშია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ ისრაელი ამ "ომს მოიგებს".
ისრაელზე ჰამასის მიერ განხორციელებულ შეტევებს 250-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სულ მცირე 1 450 მოქალაქე დაშავდა.