აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკის მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ამასთან, ბაიდენის თქმით, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.
"ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჰამასის მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან", - თქვა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე.
ჯო ბაიდენმა დღევანდელ ბრიფინგზე დაგმო ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და მას "აშკარა ბოროტების აქტი" უწოდა.
***
ბოლო ინფორმაციით, ჰამასის თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, დაშავებულთა რაოდენობა 3 400-ზე მეტია. ცოტა ხნის წინ, კვლავ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.