აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მძევლების გასათავისუფლებლად იმუშავებს იქამდე, სანამ ჰამასი ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს.
"ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ გატაცებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება. 50-ზე მეტი მძევალი უკვე გათავისუფლდა ჰამასის ტყვეობიდან და თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. მათ შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები", - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამასთან, ბაიდენი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარულმა პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.
გუშინ ჰამასმა კიდევ ერთი ჯგუფი გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 11-ვე მათგანი ისრაელელია. ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელსა და ჰამასს შორის მძევლებზე შეთანხმება ორი დღით გახანგრძლივდა.
თავდაპირველი შეთანხმება 4 დღეს მოიცავდა და ქალების, ბავშვების გათავისუფლებას, ასევე, დროებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობდა - ის კატარის შუამავლობით შედგა. შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 58 მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელმა ტერორისტულ დაჯგუფებას 117 პალესტინელი პატიმარი გადასცა.