ერაყელ TikTok ვარსკვლავს ომ ფაჰადს ბაღდადში, საკუთარ სახლთან ესროლეს. ქალი დაიღუპა.
ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ "სოციალურ ქსელებში პოპულარული ქალი" უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს. მან დასძინა, რომ "სპეციალური სამუშაო ჯგუფი" შეიქმნა, რათა მკვლელობის გარემოებები გამოიძიონ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფაჰადი, რომლის რეალური სახელი გუფრან სავადია, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა ერთმა კაცმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა.
გამოცემა AFP-ს წყარომ განუცხადა, რომ თავდამსხმელი, დიდი ალბათობით, კურიერად ასაღებდა თავს. კიდევ ერთი გამოცემა Al Hurra კი აღნიშნავს, რომ თავდასხმის შედეგად კიდევ ერთი ქალი დაიჭრა.
ფაჰადი TikTok-ზე პოპ-მუსიკის ფონზე თავისი ცეკვის ვიდეოებს აზიარებდა და ამით გახდა პოპულარული. თავისი ვიდეოების გამო ტიკტოკერს გასულ წელს ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს ძირს უთხრის "მოკრძალებასა და საზოგადოებრივ მორალს".