თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესზე დღეს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაიკითხა. სხდომა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა და მასზე ბიძინა ივანიშვილმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დისტანციურად ჩართვა მოითხოვა.
სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა ფორმულასთან საუბრისას თქვა, რომ სხდომაზე ოლიგარქი მას სისხლის სამართლის მორიგი დევნით დაემუქრა, "თუ მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დაემორჩილება".
"ამჯერად იგი უკმაყოფილოა იმით, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით და მას ჰგონია, რომ ამ სტრუქტურაში გადამეტებული როლი და ფუნქცია აქვს სტრუქტურის მმართველო კომპანიას და მე. შესაბამისად, ის დამემუქრა სისხლის სამართლის მორიგი დევნით, თუ მე მის გარკვეულ მოთხოვნებს არ დავემორჩილები. ღიმილის მომგვრელია ეს მუქარა, რა თქმა უნდა, თუმცა ის არ ერიდება და სასამართლოს წინაშეც ბედავს სისხლის სამართლის დევნით დამუქრებას", - თქვა მან.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა მონოლოგის რეჟიმში მიმდინარეობდა და ოლიგარქმა საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს თავი აარიდა.
"გამოკითხვის ნაწილი მიმდინარეობდა ძირითადად მონოლოგის რეჟიმში, ანუ, სულ რამდენიმე კითხვა იყო და ძირითადად ბიძინა ივანიშვილი ჰყვებოდა ამ ისტორიის თავისებურ ვერსიას. რაც შეეხება ჩვენს დასმულ კითხვებს - საქმის დეტალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს ყველას თავი აარიდა ივანიშვილმა. მან ზოგადად თქვა, რომ ეს მისი ინვესტიცია იყო და მას არ ევალებოდა არანაირი დეტალების ცოდნა ამის შესახებ, თუმცა მან დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება, კონტრაქტი, მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის არის ინვესტორი. [...]
ვერც ერთ დეტალზე მან ვერ მოახდინა პასუხის გაცემა, უფრო სწორად, არ მოახდინა პასუხის გაცემა. როგორც კი მივდივართ საქმის დეტალებში და დოკუმენტებში, ყველგან თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო კრედიტი და არანაირი ივანიშვილის მტკიცებულება დოკუმენტური, რომ ეს იყო მისი ინვესტიცია, არ არსებობს. შესაბამისად, ცხადია, ის თავს არიდებდა ყველანაირ დეტალურ კითხვაზე პასუხის გაცემას და ამას ამოტივირებდა იმით, რომ ის ძალიან დიდი ინვესტიციების, დიდი თანხების მფლობელია და მისთვის მილიონ ნახევარი და ხუთი მილიონი სულაც არ არის ისეთი თანხა, რომ მას რაიმე დეტალები ახსოვდეს ამის შესახებ", - თქვა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ის ამბობს, რომ მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილის მუქარაზე რეაგირება არ ჰქონია.
"სამწუხაროდ, გამიჭირდება გიორგი გელაშვილის მიუკერძოებლობაზე საუბარი. მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის წინ მან ციხეში გაუშვა, რამდენიმე წლით, გაზაფხულის აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამიტომ მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები. რა თქმა უნდა, მოსამართლე არანაირ რეაგირებას არ ახდენდა მუქარის შემცველ ან სხვა მსგავს გამოხტომებზე ივანიშვილის და ეს ჩემთვის არც იყო მოულოდნელი", - თქვა მან.
***
6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.