ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და აირზენათი ჩამომიყვანეს, განცხადება მიიღეთ გამოძიების დაწყებისთვის

ბაჩიაშვილი: გამიტაცეს და აირზენათი ჩამომიყვანეს, განცხადება მიიღეთ გამოძიების დაწყებისთვის

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი ითხოვს, რომ მისი გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

მისი თქმით, ის საზღვარგარეთ გაიტაცეს და საქართველოში აირზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

"დღეს მე ვარ ივანიშვილის პირადი პატიმარი... შაბათს, 24 მაისს, მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს ადვოკატის, პროკურორის, ოჯახისთვის შეტყობინების და დალაპარაკების გარეშე, შემდეგ მოტაცებული ჩამტენეს აირზენას თვითმფრინავში და ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამომიყვანეს საქართველოში

საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის იმიტომ, რომ ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული, ჩემი ადვოკატების მიმართვის შედეგად. ინტერპოლს არ გაუჭირდა რამდენიმე დღეში დაედგინა, რომ ჩემი სისხლის სამართლებრივი დევნა არის სრულიად პოლიტიკური. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში. მე თქვენ გთხოვთ, რომ ეს ჩემი განცხადება მიიღოთ ახალი გამოძიების დასაწყებად. მე ყველა დეტალს შევატყობინებ გამოძიებას არა იმიტომ, რომ მე ამ გამოძიების იმედი მაქვს, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დავანახო საზოგადოებას, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის კრიმინალურ შეკვეთებს ასრულებს დღეს სახელმწიფო", - თქვა მან სასამართლო პროცესზე.

გუშინ, 28 მაისს დროებამ სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩიაშვილი არა 26 მაისს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთთან გადაადგილებისას, არამედ 2 დღით ადრე, 24 მაისს აბუ-დაბიში დააკავეს.

წყაროს ცნობით, ის 27 მაისს ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი ბორტით, პირდაპირი რეისით ჩამოიყვანეს თბილისის აეროპორტში. ხოლო ბორტზევე მას სუს-ის წარმომადგენლები დახვდნენ.

სუს-მა კი თქვა:

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა",.

***

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან "სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების" დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.

სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხოლო 1-ელ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

***

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.