აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი დააკავა

აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი დააკავა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი - არკადი გუკასიანი, ბაკო საჰაკიანი, არაიკ არუთინუანი და პარლამენტის ყოფილი ე.წ. სპიკერი, დავიდ იშხანიანი დააკავა.

დაკავებული ყოფილი ე.წ. პრეზიდენტები ბაქოში გადაიყვანეს. დანარჩენმა 3-მა ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა კი მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანად დატოვება და სომხეთში გადასვლა შეძლო.

მთიანი ყარაბაღი ბოლო მონაცემებით 100 000-ზე მეტმა ეთნიკურად სომეხმა დატოვა.

ყარაბაღიდან სომეხი მოსახლეობის მასობრივი გამგზავრება მას შემდეგ დაიწყო, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა იქ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და აზერბაიჯანული პოზიციების რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. "განკარგულებას" ხელი ე.წ. პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა მოაწერა.