საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ სტატუს-კვო არ შეცვლილა და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები არ ხორციელდება.
სააგენტოს თქმით, რუსულ მხარეს არ მიუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე, "სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით" კი ავიაციის სააგენტო ამბობს, რომ "კომენტარს ვერ გააკეთებენ".
"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.
ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ." - წერია სააგენტოს განცხადებაში.
დღეს, 14 აპრილს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის განრიგში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისი გაჩნდა, თუმცა ახლა აღარ იძებნება.
საიტზე აღნიშნული იყო, რომ 2023 წლის 18 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე რეისი ყოველდღიურად, მოსკოვის დროით 11:45 საათზე Georgian Airways-ის მიერ განხორციელდებოდა.
Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, რომ ინფორმაცია რეისის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა. გადაზიდვების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.