ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - ბრეგაძე

ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ავერსის კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.

"სამივე დამნაშავე დაკავებულია! შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა. მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პოლიციას დიდი მხარდაჭერისთვის.

მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა. ეს არასრული 24 საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმაზე გაიფიქრებს"- წერს ბრეგაძე.

***

1 ნოემბერს, თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თავდაპირველად გაქცეულ პატიმრებს პოლიციისთვის ჩაბარებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მან უარყო ინფორმაცია ბადრაგის გატაცების შესახებ და თქვა, რომ ყველაფერს აკეთებენ გაქცეული პატიმრების დასაკავებლად.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.