აუსტრევიჩუსი ხოშტარიას დაკავებაზე: მთავრობა უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის

აუსტრევიჩუსი ხოშტარიას დაკავებაზე: მთავრობა უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა.

"რუსული მეთოდებით მოქმედმა საქართველოს პოლიციამ გუშინ დააკავა, დააშინა და დაამცირა ოპოზიციური პარტიის, დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია. საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის ძვირს გადაიხდის", - წერს ევროპარლამენტარი.

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მას გზის გადაკეტვას ედავებიან.

კოალიცია ცვლილებისთვის წევრის ადვოკატის, თეონა ზაქარაშვილის თქმით, ხოშტარიას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ამ დროისთვის უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო ელენე ხოშტარიას უკანონოდ დაკავების საქმეზე.

ამასთან, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს აგზავნის, სადაც წერს, რომ მას "ყბებსა და კბილებზე დაზიანებები მიაყენეს".

ხოშტარიას წერილში ვკითხულობთ, რომ მას პოლიციიდან გამოძახებული ბრიგადის მეშვეობით "ხელები შეუკრეს, ეჭიდავეს და სრულად გააშიშვლეს".

ელენე ხოშტარია, 28 მარტს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.