ევროპული ბიზნეს ასოციაცია რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ კანონი აუარესებს ქვეყნის რეპუტაციას. ასოციაცია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავს და კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, არამედ მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მათ. ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვაკუთხედი საქართველოს კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის. თუმცა, არსებული წინადადება (კანონპროექტი) პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ", - წერია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს.
"გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს - ინვესტიციები კი განუყოფელი კომპონენტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის.
როგორც უმსხვილესი ევროპული ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, ჩვენ უკვე მივიღეთ არაერთი უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და უცხოელი ინვესტორებისგან. გამჭვირვალობის ხელშეწყობის ნაცვლად, კანონპროექტი აუარესებს ქვეყნის რეპუტაციას და უსამართლოდ გამოყოფს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და უგულებელყოფს მმართველობისა და ფინანსური ანგარიშგების ჩარჩოებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობას.
ჩვენი მთავარი შეშფოთების საგანია პოტენციურ ნეგატიურ შედეგები, რაც დაემუქრება სასიცოცხლოდ აუცილებელ უცხოური დახმარების ინიციატივებსა და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს საქართველოში.
როდესაც ყველა ამ ინიციატივას და ძალისხმევას ნათლავ "უცხო ძალის ინტერესებად", ეს ძირს უთხრის მათ ლეგიტიმაციას და აყენებს მათ დახურვის საფრთხის წინაშე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს საქართველოს განვითარებას და დემოკრატიულ პროგრესს. არსებითი უარყოფითი შედეგების და მისი შეუსაბამობის გათვალისწინებით ევროკავშირის ღირებულებებთან და საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებთან, გთხოვთ, სასწრაფოდ გადახედოთ და გაიტანოთ შემოთავაზებული კანონპროექტი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.