აშშ-მა დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დაასრულა

აშშ-მა დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცნობით, აშშ-ის დიპლომატიური პერსონალის სუდანიდან ევაკუაცია დასრულდა.

"დღეს ჩემი განკარგულებით, აშშ-ის ჯარმა ჩაატარა აშშ-ის სახელმწიფო პერსონალის ხარტუმიდან გამოყვანის ოპერაცია" - განაცხადა ბაიდენმა.

ცალკე განცხადებაში კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სუდანიდან აშშ-ის პერსონალისა და მათი ოჯახების ევაკუაცია მოხდა და ხარტუმში აშშ-ის საელჩოს მოქმედება „დროებით შეჩერდა“.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკელების სუდანიდან გამოყვანაში 100-ზე მეტი სპეციალური ოპერაციული ძალების თანამშრომელი იყო ჩართული. ოპერაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობა სახელმწიფო დეპარტამენტთან კოორდინაციაში უძღვებოდა.

ამერიკელი პერსონალის სუდანიდან ევაკუაციის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სუდანის ჯარსა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის დაპირისპირების დაწყებიდან 1 კვირაში მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 21 აპრილის მონაცემებით, სუდანში შეტაკებების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა 3 551 კი დაშავდა.

სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოაცხადა ნიდერლანდების ხელისუფლებამაც. ქვეყნიდან მოქალაქეების გაყვანა დაიწყო საფრანგეთმა და საუდის არაბეთმაც.

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა ვერ ხერხდება.

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის შესახებ უთანხმოების გამო შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.