სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება

სუდანიდან საქართველოს 35-მდე მოქალაქის ევაკუაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. საქართველოს მოქალაქეებს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ.

ქვეყანაში აფეთქებების ხმა ისევ ისმის და შეიარაღებული დაპირისპირებაც გრძელდება. გარდა ამისა, პრობლემებია ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ 2 დღის სამყოფი საკვები მიაწოდეს.

დაპირისპირების ზონაში რჩებიან ორი ქართული ავიაკომპანიის "ჯეო სქაისა" და "მაი-ვეი ეარლაინსის" თანამშრომლები - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ევაკუაციის კუთხით პრობლემებია და ამ დრომდე ვერცერთი ქვეყანა ვერ ახერხებს თავიანი მოქალაქეების გამოყვანას.

"ამ მომენტისთვის ვერცერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა თავის მოქალაქეების ევაკუაცია. პირიქით, ყველა ქვეყანა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დარჩნენ იმ შენობებში და იმ საცხოვრებელ ადგილებში, სადაც იმყოფებიან. შეინიშნება სურსათისა და წყლის ნაკლებობა და ეს პრობლემა ბევრს აქვს.

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან სუდანში, ძირითადად დედაქალაქ ხარტუმში. ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და პირველივე შესაძლებლობა როგორც კი გაჩნდება, ჩვენ ვიმოქმედებთ ამ შესაძლებლობების ფარგლებში, რომ ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია მოვახდინოთ", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

სუდანში უკვე რამდენიმე დღეა კონფლიქტი ღვივდება. ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შიგნით დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. ერთმანეთს ორი ძალა ებრძვის - სუდანის რეგულარული არმია და გასამხედროებული დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალები". როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, ორივე მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, ტანკებსა და არტილერია. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.