აშშ-ის სავაჭრო პალატა კობახიძეს რუსული კანონის დაჩქარებულად გაწვევისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სავაჭრო პალატა კობახიძეს რუსული კანონის დაჩქარებულად გაწვევისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ქართული ოცნების მიერ კანონპროექტის ხელახლა ინიციირების გამო. აშშ-ის სავაჭრო პალატა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიონ კანონპროექტი.

აშშ-ის სავაჭრო პალატაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი დააზარალებს უცხოური მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებს, ასევე ძირს გამოუთხრის საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირის წევრობისკენ და დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და ზოგადად, საინვესტიციო გარემოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი ძალიან გაართულებს საქართველოს ევროკავშირის წევრობას და აღნიშნულია, რომ ახლა "კოლექტიური მიზანი" ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს, რითაც გასულ წელს, როდესაც ქვეყანას სტატუსი მიენიჭა "ყველა ამაყობდა".

პალატაში მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი გამოიწვევს უცხოელების სტიგმატიზაციას და შედეგად, შესაძლოა ზიანი მიადგეს საქართველოს შესაძლებლობას, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები. კერძოდ აღნიშნავენ, რომ "უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება, რომელიც მას მოჰყვება, საქართველოს განვითარების ქვაკუთხედია - რასაც კანონი რისკის ქვეშ აყენებს".

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უცხოური დახმარების "უცხო გავლენად" გამოცხადებას არ აქვს არაფერი საერთო გამჭვირვალობასთან და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ზრუნვის საგანი მართლაც გამჭვირვალობაა, მათი განცხადებით, "შესაფერისი ზომა შესაძლოა მართვისა და ფინანსური ანგარიშების არსებულ წესებში ცვლილებების შეტანა ყოფილიყო".

აშშ-ის სავაჭრო პალატის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან და ამბობენ, რომ კანონის დამტკიცებას ნეგატიური ზემოქმედება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, ისინი მოუწოდებენ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, "რაც შეიძლება მალე" გაიწვიოს ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.