მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას შორის ბოლო დროს მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვია.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბლინკენი პირველი სახელმწიფო მდივანია, ხოლო ჯო ბაიდენის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირი, ვინც ჩინეთში ჩავიდა.
CNN ორივე ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ვიზიტთან დაკავშირებით მხარეებს დაბალი მოლოდინები აქვთ - აშშ-ის ოფიციალური პირები ამ ვიზიტს წარმოაჩენენ როგორც შესაძლებლობას, რომ დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ორ ქვეყანას შორის შესაბამისი საკომუნიკაციო არხები დამყარდეს.
"ამ ვიზიტის დროს ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაგრძელოთ ის, რაზეც გასული წლის ბოლოს პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტი სი ძინპინი ბალიში შეთანხმდნენ - ეს გულისხმობს იმას, რომ დავამყაროთ მყარი, რეგულარული საკომუნიკაციო არხები ჩვენს მთავრობებს შორის მაღალ დონეებზე", - განაცხადა ბლინკენმა ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე.
ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი შეხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს. უცნობია, დგას თუ არა დღის წესრიგში ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრა.
ბლინკენის ვიზიტი ჩინეთში წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი, თუმცა ის მას შემდეგ გაუქმდა, რაც აშშ-ის თავზე ჩინური ჯაშუში-საჰაერო ბუშტის აღმოაჩინეს - აშშ-მა ჯაშუშ ბუშტის გამოჩენას სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა უწოდა. პარალელურად, მზარდია დაძაბულობა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც, აღსანიშნავია, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ჩინეთი რუსეთისთვის პოტენციური სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ საჯაროდ არაერთხელ გააფრთხილეს და მოსალოდნელ სანქციებზეც მიუთითეს.