აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე

აშშ ჩინეთს მოუწოდებს, დაარწმუნოს ირანი, რომ არ ჩაკეტოს ორმუზის სრუტე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს საკუთარი გავლენა თეირანზე და დაარწმუნოს ირანი, თავი შეიკავოს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისგან. რუბიოს განცხადებით, ჩინეთი თავადაა დამოკიდებული სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების კუთხით, რაც მის ინტერესებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის.

აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ირანის შესაძლო გადაწყვეტილებას „ეკონომიკური თვითმკვლელობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი ფართომასშტაბიან ესკალაციას გამოიწვევს.

„ირანის საპასუხო ქმედება იქნება მძიმე შეცდომა. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი, გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ არ ჰქონდეთ ბირთვული იარაღი. სამოქალაქო ბირთვული პროგრამა – დიახ, ეს ყველას აქვს. ეს შეთავაზებული იყო, მათ კი უარი თქვეს,“ – განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ვაშინგტონი მზად არის ირანთან მოლაპარაკებები ხვალვე განაახლოს, თუმცა დაემუქრა, რომ რეგიონში მოკავშირეების დასაცავად საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

ცნობისთვის, ირანის პარლამენტმა უკვე დაუჭირა მხარი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გეგმას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მიიღებს.