
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული იერიშების შემდეგ, ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გეგმა დაამტკიცა.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა — მისი გავლით გლობალური ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% გადის. განსაკუთრებით დამოკიდებული არიან საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომელთაც სწორედ ამ სრუტის მეშვეობით აქვთ წვდომა ღია ზღვაზე.
გეგმის შესრულება, ექსპერტების შეფასებით, სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვს, გამოიწვევს ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას და შესაძლოა დროებით შეზღუდოს აშშ-ის სამხედრო ხომალდების თავისუფალი მოძრაობა სპარსეთის ყურიდან.
ირანული სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ახლა საბოლოო გადაწყვეტილებას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უწყება მიიღებს.
ირანის „რევოლუციური გვარდიის“ კომანდირმა ესმაილ ქოსარიმ განაცხადა, რომ სრუტის ჩაკეტვა „განხილვის საგანია და განხორციელდება საჭიროების შემთხვევაში“.
ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც აშშ-ის გენერალმა დენ კაიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ ფარგლებში ამერიკულმა ძალებმა ირანის სამ მთავარ ბირთვულ ობიექტს „უზარმაზარი ზიანი“ მიაყენეს.