ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტის მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ არის გამოხატული და აქვე ხაზგასმულია, რომ ევროპულ გზაზე პროგრესისთვის რეფორმების განხორციელება აუცილებელია.
"ჩვენ ვრჩებით სრულად ერთგული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული პერსპექტივის მიმართ მხარდაჭერაში. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ერთგულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისა და ჩვენს მხარდაჭერას ამ რეგიონის EU პერსპექტივის მიმართ. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მათ ევროპულ გზაზე პროგრესისთვის საჭიროა", - აღნიშნულია განცხადებაში.
EU-აშშ-ის სამიტის ერთობლივი განცხადება 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა - მასში საუბარია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე და აღნიშნულია, რომ ისინი იმდენ ხანს გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება.
ამასთან, განცხადებაში აშშ და ევროკავშირი გმობს ჰამასის ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. მათი თქმით, ისრაელს სრული უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად პარტნიორებთან მუშაობს გააგრძელებენ.