ასათიანი: დროა, გავბედო მეც! ME TOO! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს

ასათიანი: დროა, გავბედო მეც! ME TOO! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მაია ასათიანი სექსუალური შევიწროების გამოცდილებაზე წერს და ამბობს, რომ თავადაც გამოუცდია, თუმცა შიშის გამო ამაზე საუბარს ვერ ბედავდა.

ასათიანი ვინაობას არ ამხელს, აღნიშნავს, რომ მის ისტორიას "სხვა მოძალადე ჰყავს".

"პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება, არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება, საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ... მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ, კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოკრავ თვალს, სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს, რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ, არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო... მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ...

რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები? იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ, ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ, რომ, როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ, რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროვებული სხვა ქალებიც ვნახე. ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ, ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!" - დაწერა ასათიანმა.

ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.

ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.

26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.

ვიდეო

112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.

მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."

სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.