"არსებობს გამოძიების არაეფექტიანად წარმართვის რისკი" - GDI მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე

"არსებობს გამოძიების არაეფექტიანად წარმართვის რისკი" - GDI მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ არსებობს რისკი, გამოძიება არაეფექტიანად წარიმართოს.

GDI მიუთითებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული და კოორდინირებული ძალადობის, არაადამიანური მოპყრობის საქმის გამოძიებაზე დაკვირვება უქმნით შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა მან ვერ შეძლოს ეფექტიანობის სტანდარტის დაკმაყოფილება და დანაშაულის სრული მასშტაბის გამოვლენა.

GDI, რომელიც მიშა მშვილდაძის ინტერესებს იცავს, საქმეში არსებულ მნიშვნელოვან ხარვეზებზე საუბრობს:

1. დანაშაულის კვალიფიკაცია

ამჟამად, გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობის ქვეშ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) აწარმოებს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან გადაეცა. მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ აღნიშნული კვალიფიკაცია უნდა შეცვალოს. კვალიფიკაციის შეცვლა აუცილებელია, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგეგმილი და განხორციელებულია კარგად ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლის წევრთა უმრავლესობაც დიდი ალბათობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. ამასთან, საქმის გამოძიების ფარგლებში, დამატებით გამოკვეთილი ინფორმაციისა და ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობის მიზანი და ბუნება უტოლდება არაადამიანურ მიპყრობას. ამგვარად, საქმეზე მოპოვებული და მედიით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვთვლით, მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც არაადამიანური მოპყრობა, ჯგუფურად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მოხელის მიერ, შეკვეთით, ადამიანის თანასწორუფლების დარღვევით (სსკ-ის 1443 მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-2 ნაწილის (ა)(ბ)(ე)(ვ)(თ) პუნქტებით). მიუხედავად ჩვენი არაერთი მოთხოვნისა საქმეზე კვალიფიკაცია ამ დრომდე არ შეცვლილა.

2. ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის რამდენჯერმე მოვთხოვეთ დანაშაულის ადგილისა და ავტომობილების გადაადგილების ტრაექტორიაზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება. მართალია გამოძიების მიერ არაერთი ობიექტიდან ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ეპიზოდები, რომელთა ვიდეოჩანაწერებით დადასტურება მნიშვნელოვანი იქნება დამნაშავეთა გამოვლენისთვის. შესაბამისად, გამოძიების მიერ მოსაპოვებელია დამატებითი ობიექტებიდან და დამატებითი დროით ვიდეოკამერების ჩანაწერები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოთხოვილ იქნა 112-ის კამერების ჩანაწერები, თუმცა საყურადღებოა რომ 112-ის კამერებიდან ერთ-ერთი კამერის ჩანაწერი არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღნიშნული კამერა მიმართულია ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან ასათიანის ქუჩისკენ და უყურებს სწორედ იმ ჩამოსასვლელს, სადაც ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე BMW-ს მარკის ორი მანქანა გადაადგილდებოდა. ჩანაწერი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამ ჩანაწერზე სავარაუდოდ კარგად გამოჩნდება სწორედ ეს ორი ავტომობილი და მათი სანომრე ნიშნები. მნიშვნელოვანია გამოძიებამ გამოიკვლიოს 112-ის მხრიდან ხომ არ აქვს ადგილი აღნიშნული ვიდეოკამერის ჩანაწერის მიზანმიმართულად არ გადაცემის საკითხს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ მოუხდენია სპეცოპერაციაში მონაწილე BMW-ს მარკის ავტომობილების, მათი ზუსტი ტრაექტორიის, მათი მძღოლებისა თუ მგზავრების იდენტიფიცირება. აღნიშნული შესაძლებელია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოკითხვის/დაკითხვის, ასევე ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერის მოპოვების გზით.

მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება არ დაკმაყოფილდეს მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებით და არ ჩათვალოს ისინი თვითკმარად, აუცილებელია ყველა შესაძლო გზით და საგამოძიებო მოქმედებით, დეტალურად გადამოწმდეს მოწმეთა მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია და ფაქტები;

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ მოუხდენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა იმ თანამშრომლის იდენტიფიცირება და გამოკითხვა, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

3. დაზარალებულის უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვა

გენერალური პროკურატურა დაზარალებულს უარს ეუბნება მათ მიერ უკვე მოპოვებული ვიდეო მასალის ასლების გადაცემაზე. მიუხედავად იმისა რომ დაზარალებული საგამოძიებო სამსახურში გაეცნო ვიდეო მასალას, აუცილებელია, აღნიშნული მასალის ხანგრძლივი, დეტალური დამუშავება რისი შესაძლებლობაც საგამოძიებო სამსახურში ფიზიკურად რთულია. დაზარალებულს აღნიშნული ჩანაწერების ასლების მიღება ეზღუდება გაუგებარი არგუმენტით. პროკურატურა აცხადებს, რომ მათი დაზარალებულისთვის გადაცემა შეიცავს ჩანაწერების გასაჯაროების რისკს რაც საფრთხეს წარმოადგენს გამოძიების ინტერესებისთვის. პროკურატურის ასეთი დამოკიდებულება არ არის ჯანსაღი, მით უფრო, მაშინ, როდესაც სწორედ საჯაროობამ და მედიის აქტიურობამ გახადა მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმისა და მასზე ძალადობის დანაშაულის მასშტაბის, მასში სახელმწიფოს ჩართულობის გამოვლენა შესაძლებელი. ამასთან, დაზარალებულის უპირველესი ინტერესი აღნიშნული დანაშაულის სრულად გახსნა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემაა. ამ ფონზე, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულის მიჩნევა გამოძიებისთვის საფრთხედ არ არის გონივრული და დასაბუთებული.

პროკურატურამ და სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გიორგი მუმლაძის ჩვენებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი წარმოადგენს საიდუმლოებას და არ გადასცა დაზარალებულს აღნიშნული ჩვენების ასლი. საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, გიორგი მუმლაძის ხელმძღვანელი, რომლის ვინაობა და ჩვენების შინაარსიც ასევე საიდუმლოდ მიიჩნია და დაზარალებული და ადვოკატი გააფრთხილა აღნიშნულ ჩვენებაში გამოკითხულის პერსონალური მონაცემებისა და ჩვენებაში არსებული საიდუმლოს გაუთქმელობის შესახებ. აღნიშნული ჩვენებების საიდუმლოდ მიჩნევის საკითხიც ბუნდოვანია და გაურკვეველია კონკრეტულად რას ეფუძნება ეს გადაწყვეტილება. ბუნდოვანია თვითონ საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ ჩვენებაში წარმოდგენილი სახელმწიფო საიდუმლოების შინაარსიც, რაც დაზარალებულ მხარეს არ აძლევს შესაძლებლობას განჭვრიტოს ზუსტად რა ინფორმაციის გაუთქმელობაზე მიუთითებს საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა.

4. სუს-ის თანამშრომლების მიერ გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის უკანონობა

მიგვაჩნია, რომ საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი ხარვეზი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოკითხული თანამშრომლები გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარს საიდუმლოების მოტივით ეუბნებიან. სუს-ის თანამშრომლები გამოძიებას ეუბნებიან, რომ დეტალები რომლებიც დაკავშირებულია დანაშაულის ადგილზე მყოფი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან, ავტომობილებთან და ა.შ. არის საიდუმლო ინფორმაცია. გვსურს ხაზი გავუსვათ შემდეგ გარემოებას, რომ დანაშაულის გამოძიების მიზნებისთვის პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებს აქვთ უფლება წვდომა ჰქონდეთ ნებისმიერ ინფორმაციაზე შესაბამისი წესით. ასევე, მათ აქვთ უფლება მოსთხოვონ ყველა სახის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერ პირს თუკი ეს ემსახურება დანაშაულის გამოვლენასა და გასხნას. ამასთანავე, არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უფლებას მისცემდათ გამოძიებისთვის არ გაემხილათ ინფორმაცია, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს დამნაშავეთა გამოვლენასა და მათ პასუხისგებაში მიცემასთან.

შესაბამისად, მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გამოკითხოს ხელახლა, ხოლო ისინი ვინც არ გამოუკითხავს შემდგომი გამოკითხვებისას მოსთხოვოს, პასუხი გასცენ გამოძიებისთვის /დაზარალებულისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დანაშაულის გახსნასა და დამნაშავეთა სრულად გამოვლენას/პასუხისგებაში მიცემას.

ხოლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარის ან უკანონოდ საიდუმლოებაზე მითითების შემთხვევაში დაიწყოს მათ მიმართ გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტებზე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას წარმოადგენს.

***

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავსდაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგიმუმლაძეა.