არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულაში საქართველოში მიმდინარე სახალხო პროტესტზე ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სიკვდილსა ან დამარცხებას შორის ბრძოლა. მისი თქმით, ეს ბრძოლა არაა პარტიული.
"ეს არ არის ნაციონალებსა და ოცნებას შორის ბრძოლა, ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს პარტიის მიღმაა, ეს არის ან დამოუკიდებლობა, ან თავისუფლება, ან სიკვდილი ან დამარცხება, მაგრამ დამარცხება არ მგონია. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ახალგაზრდობა ეწირება. ახალგაზრდების დასახიჩრება... გურამ როგავას, ხომ, ნახევარი ცხოვრება წაართვეს იმ ერთი [დარტყმით]. როგორ უნდა თქვა, რომ ის პოლიციელი ხელშეუხებელია, რომელმაც მოსაკლავად დაარტყა კაცს, ჟურნალისტს, რომელიც საერთოდ გვერდით იდგა და მერე კი არ დაიჭირა, გაიქცა. თუ გასაქცევად ურტყამს პოლიციელი და გარბის, როგორ შეიძლება ის მე ჩავთვალო ან ერის შვილად, ან მორწმუნედ, მოკლა კაცი და გაიქცა", - თქვა მან.
არქიმანდრიტმა ასევე მიმართა ქართველ ქალებს და თქვა, რომ ისინი "მართალ, სწორ, ქართულ გზაზე დგანან".
"მე არ მგონია, რომ ეს ნაკლები გაჭირვება იყო, ვიდრე შაჰ აბასის დროს იყო, დღეს რაც გვჭირს, არანაკლებ გაჭირვებაშია ჩვენი ერი და მეამაყება ქართველი ქალები. [...] ქეთევანმა ბევრი ქართველი გაზარდა თავისი წამებით და ამიტომ, ტყუილად არ ჩაუვლია ქეთევანის წამებას, როგორც ჩანს, რადგან ბევრი ქეთევანი გვყავს საქართველოში და მე ცოტა ზოგჯერ იუმორითაც ვამბობ, მაგრამ ასე ვფიქრობ, რომ საქართველოში ქართველი ქალების იმედი უფრო მაქვს, ვიდრე კაცების და ქართველი ქალები ძალიან ყოჩაღები არიან. პოლიტიკაში არ მინდა გამოვყო, მაგრამ ერთს გამოვყოფ პრეზიდენტს, იმიტომ რომ პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი, ვინც ამ გზას მიყვება, ყველანი ძლიერები არიან და უშიშრები.
უშიშარი ადამიანი არ არსებობს, შექსპირს აქვს ნათქვამი, რომ გონიერება გამბედაობას უშლის ხელსო, მაგრამ მორწმუნე ადამიანისთვის ქრისტემ სხვა უთხრა - ნუ გეშინიათ მათი, ვინც ხორცს კლავსო, ამიტომ, ცოტა რწმენა თუ აქვს ადამიანს, მისი შეშინება შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ შიში არ აქვს, არამედ იმედი აქვს მეტი, როცა მართალ გზაზე დგას და მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მართალ, სწორ, ქართულ გზაზე დგანან", - თქვა არქიმანდრიტმა.