5 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნებია და ქვეყანა რიგით 47-ე პრეზიდენტს ირჩევს.
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია, ხოლო რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობისთვის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი იბრძოლებს.
ცნობილია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებიც - ტრამპმა ამ თანამდებობისთვის ოჰაიოს სენატორი, ჯ.დ. ვენსი შეარჩია, ხოლო კამალა ჰარისმა - მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი. ამასთან, ამომრჩევლები კონგრესის წევრებსაც აირჩევენ.
არჩევნების დღის წინ ათობით მილიონმა ამომრჩეველმა ვადამდელი ხმის მიცემის პროცესში მიიღო მონაწილეობა - ნაწილმა საკუთარი არჩევანი ფოსტით დააფიქსირა, ნაწილმა კი ხმა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე მისცა.
შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცესი სიმბოლურად უკვე დაიწყო ნიუ ჰემფშირის უბანზე, სადაც სულ 6 ამომრჩეველია - ჰარისმა და ტრამპმა აღნიშნულ უბანზე 3-3 ხმა აიღეს.
პრეზიდენტობისთვის რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატიც იბრძვის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობერტ კენედი უმცროსი იყო, თუმცა მან კამპანია აგვისტოში შეაჩერა და მხარი ტრამპს დაუჭირა.
როგორ მუშაობს ამერიკული საარჩევნო სისტემა?
ამერიკული საარჩევნო სისტემით, გამარჯვებული არ არის ის, ვინც მთლიანობაში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. გამარჯვებულს საბოლოოდ შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია გამოავლენს.
კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა სჭირდებათ.
როგორც წესი, თავდაპირველად უშუალოდ არჩევნების დღეს მიცემული ხმები ითვლება, რასაც ვადამდელი და ფოსტით გაგზავნილი ბიულეტინები მოსდევს. ამის შემდეგ გასაჩივრებული, ხოლო ბოლოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიცემული ხმები და სამხედრო ბიულეტენები ითვლება.
როდის გავიგებთ, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში?
როგორც ცნობილია, აშშ-ის არჩევნების შედეგები უბნის დახურვიდან რამდენიმე საათში ხდება ცნობილი, მაგრამ წლევანდელი დაძაბული კონკურენციიდან გამომდინარე, შედეგების გამოცხადებას შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს იურიდიული გამოწვევებიც. უკვე შეტანილია უამრავი სარჩელი, მათ შორის ამომრჩეველთა უფლებამოსილების დარღვევასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი ოფიციალურად ფიცს იანვარში დადებს. ინაუგურაცია ვაშინგტონში გაიმართება.
რომელი შტატები გადაწყვეტენ გამარჯვებულის ბედს?
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ე.წ. მერყევ შტატებზეა დამოკიდებული: არიზონაზე, ჯორჯიაზე, მიჩიგანზე, ნევადაზე, ჩრდილოეთ კაროლინაზე, პენსილვანიასა და ვისკონსინზე.
საარჩევნო უბნები სხვადასხვა შტატში განსხავებულ დროს იხურება. ზოგიერთ შტატში არსებულმა სპეციფიკურმა წესებმა შეიძლება ხმების დათვლა გაახანგრძლივოს.
მაგალითად, ნევადაში ხმების დათვლას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს, რადგან შტატი ფოსტით გაგზავნილ ბიულეტენებსაც ითვლის.
საარჩევნო უბნები ყველაზე ადრე ვერმონტის შტატში იხსნება, ხოლო ყველაზე გვიან - ჰავაის შტატში.
ვინ ლიდერობს წინასწარი გამოკითხვების მიხედვით?
წინასწარი გამოკითხვების საშუალო მაჩვენებლებში ჰარისს ტრამპთან შედარებით მცირე უპირატესობა აქვს. ABCnews-ზე დაყრდნობით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატს 48%, ხოლო რესპუბლიკელთა კანდიდატს 46.8% აქვს.
ამასთან, New York Times-ისა და Siena College-ის კვლევით, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპისა და ჰარისისადმი ეროვნული მასშტაბით ამომრჩევლების მხარდაჭერა 48-48%-ზეა.
BBC ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოკითხვები სასარგებლო სახელმძღვანელოა იმის შესახებ, თუ რამდენად პოპულარულია კანდიდატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ის არჩევნების შედეგის პროგნოზირებისთვის საუკეთესო გზა არ არის.
კამალა ჰარისი, რომელიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში 2024 წლის 21 ივლისს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ ჩაერთო, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება.