პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის საკითხი "აბსოლუტურად დახურულია".
კობახიძის თქმით, "ყველაფერზე მაღლა კონსტიტუციური სამართალი და სამართლის უზენაესობა დგას".
"ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული. ყველაფერზე მაღლა დგას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა. ყველაფერზე მაღლა დგას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას.
ჩვენ გვაქვს არგუმენტები, ველოდებით არგუმენტებს. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. იმიტომ, რომ არ შეიძლება არგუმენტების გარეშე მოგთხოვონ სახელმწიფოს სუვერენიტეტის, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა", - თქვა კობახიძემ.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება - ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.