პარლამენტში, სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეჟისორებმა, კინომცოდნეებმა, მსახიობებმა მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.
"დამოუკიდებლობა კინოცენტრს, "კინო საფრთხეშია", "არა ცენზურას" - ამ შინაარსის წარწერებიანი მაისურებით წამოდგნენ ფეხზე ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხელმძღვანელობდა.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ მდუმარე პროტესტის დაწყებისთანავე შეწყვიტა კომიტეტის სხდომა და მოუწოდა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, დაეტოვებინათ დარბაზი.
"საკმარისია, ახლა დატოვოთ შეგიძლიათ დარბაზი, შესვენებაა ისედაც გამოცხადებული, გასაგებია ყველაფერი, თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით... დატოვეთ დარბაზი, შესვენებაა გამოცხადებული და განახლდება შემდეგ, როდესაც კომიტეტის საქმიანობით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში", - განაცხადა სარჯველაძემ.
ამის შემდეგ, კინოცენტრისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სურთ, კინოცენტრში რეორგანიზაცია შეწყდეს და ასევე, დადგინდეს დირექტორის არჩევის დემოკრატიული წესი.
"ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ ერთხელ ახსენა, რომ ცისფერი მთები მოსწონს ძალიან და ცისფერ მთებს ჰგავს მთელი სისტემა, რომელიც მათ შექმნეს და მათ ვურჩევდი, ნახონ უფრო კარგად, ვიდრე ცისფერი მთები ნახეს, უყურონ კიდევ ერთხელ მონანიებას. გაიხსენონ, მხოლოდ ფრაზები არ დაიმახსოვრონ. კინო სექტორის მოთხოვნა არის ორი და ეს არის ორი უცვლელი მოთხოვნა, რაც პირველი დღიდან გვაქვს - შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი, რომელსაც ახორციელებს გაუგებარი პიროვნება, გაუგებრად დანიშნული კინოცენტრში და შემდეგ უნდა შეიქმნას წესი კინოცენტრში დირექტორის დემოკრატიული არჩევისა", - განაცხადა რეჟისორმა გიორგი ქართველიშვილმა.
* * *
11 ივნისს კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
მოგვიანებით მან ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კინოცენტრის თანამშრომლებს ოფისმენეჯერად პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტის, ბაჩო ოდიშარიას დანიშვნის ბრძანება დაუმალეს.
პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია, რომელიც მისივე თქმით, კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ფორმულასთან ამბობს, რომ კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."