"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტთან აქცია დღესაც იმართება. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა დაფიონია. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ.
"სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს.
დღეს, 19:00-დან ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე. არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს! ყველა პარლამენტთან!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
17 აპრილს, ქართლმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რამდენიმე დღეა რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო, მშვიდობიანი პროტესტი მიმდინარეობს.
***
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.