"არა კრემლის დიქტატს" - გორში ივანიშვილის განცხადების შემდეგ პარლამენტთან აქცია დაანონსდა

"არა კრემლის დიქტატს" - გორში ივანიშვილის განცხადების შემდეგ პარლამენტთან აქცია დაანონსდა

ხვალ, 15 სექტემბერს პარლამენტთან აქცია - "არა კრემლის დიქტატს" გაიმართება. აქციის ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონია.

"დღეს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო იყო დამნაშავე 2008 წლის ომში და საქართველო დაესხა ოს ხალხს თავს. ამით მან ქართველი მებრძოლი გმირები გაუთანაბრა ტერორისტებს და ოსი ხალხის გენოციდში დასდო ბრალი! მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს ოს და აფსუა სეპარატისტებს. ეს არის საქართველოსა და მისი გმირების შეურაცხყოფა! სულში ჩაფურთხება! ხვალ, 15 სექტემბერს, 19:00- დან ვიკრიბებით პარლამენტთან. კოლაბორანტებს პასუხი უნდა გაეცეთ!", - წერია ღონისძიების ანონსში.

***

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".