რაჭაში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, სტიქიის ზონაში შვილსა და სამ შვილიშვილს ეძებს.
როგორც ქალმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ვერ ახერხებს და არ აქვს ინფორმაცია, ცოცხლები არიან თუ არა.
"არაფერი კონტაქტი არ არის. შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ. ცოცხლები არიან თუ მკვდრები არიან, არ ვიცი არაფერი. [დასასვენებლად] იყვნენ, ორი კვირით წავიდნენ"- თქვა ქალმა.
რაჭაში ვერტმფრენმა მუშაობა დილიდან განაახლა. ბოლო მონაცემებით, დღეს 9 რეისი შესრულდა და სტიქიის ზონიდან 140 მოქალაქე გადმოიყვანეს.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 70-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში მყოფ 44 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.