"არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას" - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება

"არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას" - 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის პირველი ჩვენება

ფორმულამ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესის პირველი კადრები მოიპოვა. ბრალდებული სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია.

"არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა", - თქვა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა.

მკვლელობაში ბრალდებული დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და მსხვერპლის შეშინებას ცდილობდა.

"იარაღთან შეხება არ მქონია, მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც კი არ ვიცი, არასდროს მქონია ის", - თქვა ბრალდებულმა.

14 წლის გოგოს გამტაცებელი და მკვლელი ამტკიცებს, რომ მან არ იცოდა, მოკლულის რეალური ასაკი, რადგან გოგოს "დედა ეუბნებოდა, რომ ის 18 წლის იყო".

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.

11 ოქტომბერს საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე ბრალდება წარედგინა. ბრალდება ასევე წარედგინა მოკლული გოგოს ბიძასაც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დააკავა. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.