საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა, წარსულში ნასამართლევი ნ.მ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს ნაადრევი ქორწინება აიძულა - მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ. გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგოს ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში წაიყვანა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გოგოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან იძულებით ქორწინებაში დარჩენას.

მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ა.ს. - მ ა.შ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ა.ს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ბრალდებით დააკავეს. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე კი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა და სსკ-ის 376-ე მუხლებით მიმდინარეობს"- ნათქვამია განცხადებაში.

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა.

მკვლელობაში ბრალდებული ე.წ ქმარი 10 ოქტომბერს დააკავეს.