"მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში არ მიიჩნევენ, რომ 12 პრიორიტეტი სრულყოფილად შესრულებულია" - საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბრიუსელში გამართულ ვიზიტს აჯამებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
8 საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ბრიუსელში ვიზიტით 22-25 მაისს იმყოფებოდა. ისინი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო წინაპირობების შესრულების პროცესს უწევენ მონიტორინგს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები იმედგაცრუებულები არიან რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რადგან "ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას".
"ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით" - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში შეშფოთება გამოთქვეს ისეთი პრიორიტეტების შესრულებაზე, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია.
"შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა", - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ "მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ არის გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები".
"ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები", - ვკითხულობთ ორგანიზაციების განცხადებაში.