ანტირუსულ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

ანტირუსულ აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლე ნათია გუდავაძემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

ახალგაზრდებს პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ახალგაზრდებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დაკავებულების მიმართ წარდგენილი ბრალი არაპროპორციულია. გარდა ამისა, დაცვის მხარე მათ მეფარიშვილისა და ოკრიბელაშვილის მიმართ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.