ანდრო დადიანმა 2013 წლის 17 მაისიდან 10 წლისთავზე საპატრიარქოსთან ინსტალაცია განათავსა

ანდრო დადიანმა 2013 წლის 17 მაისიდან 10 წლისთავზე საპატრიარქოსთან ინსტალაცია განათავსა

არტისტმა ანდრო დადიანმა 2013 წლის 17 მაისიდან 10 წლისთავზე საქართველოს საპატრიარქოსთან ინსტალაცია, "ფარი ხორცით" განათავსა.

მისი თქმით, 2013 წლის 17 მაისი "ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა".

დადიანი აცხადებს, რომ საქართველოს საპატრიარქოს საქმე "ადამიანების მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა" ამიტომ, საპატრიარქოს ჭიშკართან დადგა "ხორცის კალათბურთის ფარი, როგორც მათი [საპატრიარქოს] მეტაფორული პორტრეტი".

ანდრო დადიანის განცხადება:

"10 წელი გავიდა 2013 წლის 17 მაისიდან, ტრაგიკულ მოვლენებს სახელებს ვერ ვარქმევთ ხოლმე და ასეთი უსახელო დღეა ჩვენს უახლეს ისტორიაში 17 მაისი, როგორც 9 აპრილი, 7 ნოემბერი, 20 ივნისი, 13 ივნისი და აშ. ეს დღე ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან ქვეყნის სულიერი, ეროვნული, კულტურული, ქრისტიანული, სოციალური, სახელმწიფოებრივი დამარცხების დღეა. იმ დღით სასოწარკვეთამ დამაკარგინა მეც სახე და მაქცია ნიღბიან, ფსევდონიმიან ადამიანად.

ადამიანებს მენტალურად, ეკონომიკურად, სოციალურად გატყავება და გამოშიგვნაა ამ ინსტიტუციის საქმე, ამიტომ საპატრიარქოს ჭიშკართან, მეგობართან ერთად დავდგი ხორცის კალათბურთის ფარი როგორც მათი მეტაფორული პორტრეტი.

ჰომოფობია ქართველი ადამიანის კულტურული საჭიროება კი არა, ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაციის გამოკვეთის საშუალებაა. აქ თანასწორობა დასავლური, ხოლო ანტი-ლგბტ მოძრაობები რუსული, იმპერიალისტური პოლიტიკის ნიშანია, ამ დაპირისპირებაში ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ადამიანის მხარდაჭერის ნაცვლად პოლიტიკური პოზიცია დაიკავა და საკუთარი ერის მოწინააღმდეგე სტრუქტურულ მოძალადედ ჩამოყალიბდა.

ჩვენ უნდა გამოვათრიოთ დუმილით ძალმოსილი ეს დღის წესრიგი საჯარო სივრცეში, ხშირი დისკუსიით თავიდან უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობები საზოგადოებრივი საჭიროების მიხედვით მას, მაშინ როცა სასულიერო პირები ზემოთ და ზემოთ ხტებიან, ახალ სიმაღლეებს იპყრობენ ადამიანისა და სიცოცხლის მნიშვნელობის მოსპობაში" - აცხადებს არტისტი.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

საქართველოში 17 მაისი პირველად 2011 წელს აღნიშნეს, მაშინ მხოლოდ რამდენიმე აქტივისტი შეიკრიბა. 2012 წელს ლგბტქ+ აქტივისტები ფილარმონიიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ. მათ გზად "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და "ვახტანგ გორგასლის კავშირის" წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გზის გადაკეტვის მცდელობის დროს პოლიციამ 3 ლგბტ აქტივისტი დააკავა.

2013 წლის 17 მაისი განმსაზღვრელი იყო ყველა იმ მოვლენისა, რომელიც მომდევნო წლებში, ამ დღის აღნიშნავს მოყვა. ამ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ;პუშკინის სკვერში ძალადობრივად განწყობილმა სასულიერო პირებმა და ჭინჭრებით შეიარაღებულმა მრევლმა დაარბიეს. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ათასობით ადამიანი რამდენიმე ათეულ აქტივისტს სდევნიდა.

მომდენო წელს პატრიარქმა ილია მეორე 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ყოველწლიურად სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2013 წლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა სხვადასხვა ფორმით. მთავარი მოვლენიდან პირველი დიდი შეკრება მხოლოდ 4 წლის შემდეგ, 2018 წელს მოხდა. ლგბტქ+ აქტივისტებმა დილის 10 საათზე, პოლიციის გაძლიერებული კორდონით, 1 საათით შეძლეს შეკრება. წინასწარ დარეგისტრირებული დემონსტრანტები ადგილზე ყვითელი მიკროავტობუსებით, განგებ ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან, შსს-მ მიიყვანა.

ბოლო რამდენიმე წელია ივლისში "პრაიდის კვირეული" იმართება, რომლის ორგანიზატორიც არის Tbilisi Pride. 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი იყო ღირსების მარში, რომელსაც რუსთაველის გამზირზე უნდა ჩაევლო. თუმცა აქაც ძალადობრივმა ჯგუფებმა, სასულიერო პირებმა და ჰომოფობიურად განწყობილმა ათასობით ადამიანმა ცენტრალური ქუჩა დაიკავა და ქალაქს არბევდა. ისინი მთელი ქალაქის მასშტაბით დასდევდნენ მარშის ორგანიზატორებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაარბიეს ოფისები და თავს დაესხნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის არასაკმარისი რაოდენობა.

პოლიციამ ძალადობაში ბრალდებულები დააკავა და გაასამართლა, თუმცა ამ დრომდე არ არიან დაკავებულნი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.