ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი ელიზაბეთ ჯინ კეროლი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ჟურნალისტმა ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა.
როგორც სასამართლო პროცესზე კეროლმა აღნიშნა, შემთხვევა მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, 1996 წელს მოხდა. ჟურნალისტმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შეხვედრა თავდაპირველად ფლირტით დაიწყო, ტრამპმა მას საჩუქრის არჩევაში დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც მაღაზიის გამოსაცვლელში შეყვა და კეროლის თქმით, გააუპატიურა.
თავად დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი გამოგონილია.
"ის არ ყვიროდა? მოწმეები არ არიან? არავის უნახავს ეს?" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
წარსდგება თუ არა დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება თავად ჟურნალისტს, ის დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად 2019 წელს ალაპარაკდა.
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.