ამაღლობელი სტიკერის გაკვრის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 1 000 ლარით დააჯარიმეს

ამაღლობელი სტიკერის გაკვრის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 1 000 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის საქმეზე სამართალდამრღვევად ცნო და 1 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მარიანა ფომაევამ მიიღო.

ამ საქმეზე ამაღლობელი მეორეჯერ გაასამართლეს.

პირველ საქმეზე ამაღლობელი სამართალდამრღვევად მოსამართლე სალიხ შაინიძემ ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.

***

მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – "იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე". მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობელის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს - ის სისხლის სამართლის კოდექსით არის დაკავებული, კერძოდ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14 იანვარს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.