ალექსი თირქიას, რომელიც აქციაზე დაშავდა, სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა

ალექსი თირქიას, რომელიც აქციაზე დაშავდა, სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა

ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, ალექსი თირქიას, რომელიც 3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან თვალში ე.წ. გაზის კაფსულის მოხვედრის შედეგად დაშავდა, ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.

"ალექსი თირქია ყველას გახსოვთ.

ბიჭი, რომელსაც თავში დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა.

ჯერ კომაში მყოფი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლა დადის თავზე დიდი ჭრილობით და ცალ თვალში მხედველობის პრობლემებით.

თვალის ოპერაციისთვის ელოდებოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებას.

უარი მოუვიდა!", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ფორმულას ეთერში, გადაცემაში ხალხთან ერთად ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ოპერაციის თანხას მას საზოგადოება შეუგროვებს.

"ჩვენ ივნისში, როდესაც ალექსის უკვე დიდ ოპერაციას დაუნიშნავენ, გავერთიანდებით მის ირგვლივ... ჩვენ ამ ფულს, რა თქმა უნდა, შევაგროვებთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

3 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე თირქიას თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა.

ის ერთი კვირის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, ამის შემდეგ კი თავზე ჭრილობა დარჩა, ერთ თვალში კი მხედველობის პრობლემა აქვს.