რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში, იამალ-ნენთა ოლქში მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იმყოფება. ინფორმაციას პოლიტიკოსის პრესმდივანი, კირა იარმუში ავრცელებს.
იარმუში ამბობს, რომ ნავალნისთან ადვოკატი შეუშვეს და "ის კარგად არის". თვის დასაწყისში, ნავალნის თანამებრძოლები ამბობდნენ, რომ პოლიტიკოსთან რამდენიმე დღეა კონტაქტზე ვერ გადიან. ისინი აცხადებდნენ, რომ ნავალნის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ - ის მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
კოლონია, რომელშიც ახლა ნავალნი იმყოფება, ყველაზე შორეულია და ჩრდილოეთის შორეულ ნაწილში მდებარეობს.
"პირობები მანდ საკმაოდ მკაცრია, განსაკუთრებული რეჟიმია - მუდმივი გამყინვარების ზონაა. ძალიან რთულია იქამდე მიღწევა. ასევე იქ არ არსებობს წერილების მიწოდების სისტემა", - თქვა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა, ივან ჟდანოვმა.