რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები ამბობენ, რომ პოლიტიკოსთან რამდენიმე დღეა კონტაქტზე ვერ გადიან. რუსლან შავეტდინოვმა და კირა იარმიშმა სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ უკვე სამი დღეა ნავალნის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ბოლო მონაცემებით, რომელსაც ისინი ფლობენ, ოპოზიციონერი ციხის საკანში შეუძლოდ გახდა და მას გადასხმა გაუკეთეს. შავეტდინოვმა და იარმიშმა აღნიშნეს, რომ პოლიტიკოსს არ აძლევენ საჭმელს, ჰყავდათ კარცერში ვენტილაციის გარეშე და გასეირნების დრო მინიმუმამდე დაიყვანეს. შესაძლოა, ნავალნის შიმშილის გამო გული წაუვიდა.
იარმიშმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ლიდერისგან ამ კვირაში წერილები არ მიუღიათ და მისთვის გაგზავნილი წერილები არ მიუწოდებიათ.
8 დეკემბერს ნავალნი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად არ ჩაურთავთ. ვლადიმირსკის ოლქის კოლონიის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ელექტრობასთან გარკვეული პრობლემები აქვთ.
6-7 დეკემბერს ნავალნისთან ადვოკატები არ შეუშვეს.
2023 წლის აგვისტოში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული გაერთიანების შექმნაში, ექსტრემიზმისკენ მოწოდებებსა და მის დაფინანსებაში, პოლიტიკოსს სპეციალური რეჟიმის კოლონიაში 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ახლა ნავალნი ვლადიმირის ოლქის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თაღლითობის ბრალდებით იხდის სასჯელს. სექტემბერში იგი ერთი წლით სამარტოო საკანში გადაიყვანეს, რაც ყველა ტიპის კოლონიაში ყველაზე მკაცრ სასჯელად მიიჩნევა. პოლიტიკოსი 20-ზე მეტჯერ მოხვედრილა საჯარიმო საკანში. ნავალნი ბრალს არ აღიარებს. დასავლური ქვეყნები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.