2 თებერვალს აქციაზე დაკავებული და დაშავებული 5 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულასთან საუბრისას კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ოთხ მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს.
"გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სულ შემოყვანილია 5 დაშვებული. ძირითადად მათ აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმები., ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები, გამკვლევები და 4 პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთი პაციენტი უარით გაეწერა. ამ ეტაპზე 4 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. [პაციენტს, რომელიც გაეწერა] გასინჯვით თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ მგონი, სხვა კლინიკაში წაიყვანეს" - თქვა დალაქიშვილმა.
კიდევ ორი დაშავებული მომიტინგეა მოთავსებული კლინიკა ვივამედში.
კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარშია მოთავსებული, მეორე პაციენტი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.
2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.
გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
დაკავებულებს შორის იყვნენ ლექტორები, სტუდენტები, ერთი არასრულწლოვანი. ასევე, პოლიტიკოსებიც, გიგი უგულავა და ნიკა მელია.