აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე 2000 ლარით დააჯარიმეს

აქციაზე დაკავებული და სასტიკად ნაცემი ავთანდილ ტიტვინიძე 2000 ლარი დააჯარიმეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სამართალდამრღვევად ცნო.

ტიტვინიძე 30 ნოემბერს გამთენიისას დააკავეს. ათეულობით სხვა დაკავებულის მსგავსად, მას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. როგორც ის იხსენებს, დაკავების დროს მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა როცა პარლამენტს გასცდნენ, რობოკოპმა მას სახეში ხელკეტი ჩაარტყა.

"იმედი თავიდანვე არ მქონდა, მაგრამ იყო პატარა მცდელობები, ასპროცენტიანად მოგებული სასამართლო ჩაგვითვალეს წაგებულად და 2000 ლარით დამაჯარიმეს. პოლიციელები, რომლებიც იყვნენ ვითომ დამკავებლები, ერთი საათის შემდეგ, როცა გადააბარეს ჩემი თავი, ამბობენ, რომ მე დამინახეს როგორ ვიგინებოდი თურმე, დამიმახსოვრეს, გადასცეს, ვერ ამბობენ როგორ გადასცეს... რით გადასცეს ჩემი თავი? რაღაც პერიოდის შემდეგ რომ ამიყვანეს, მიცნეს, მაგრამ ის არ ახსოვთ, რა ფერის ჩანთა მეკეთა, რომელიც საათების განმავლობაში ჰქონდათ. ერთი ამბობს, რომ მწვანე იყო და მეორე ამბობს, რომ შავი", - ყვება ტიტვინიძე პროცესის შემდეგ.

როგორც ტიტვინიძე ამბობს, მას ექვსი საათის განმავლობაში სისხლი არ უჩერდებოდა, წინასწარი დაკავების იზოლატორში კი ექიმმა მხოლოდ გამაყუჩებელი მისცა. ექიმის მოთხოვნის მიუხედავად, კი მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. სასამართლოში მიყვანის დროს კი მან გონება დაკარგა.