აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარედგინა - მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას ბრალდება წარედგინა - მუხლი ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას, რომლის მაღაზიიდანაც დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა, ბრალდება წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კერძოდ, საუბარია 31 მაისს მომხდარ შემთხვევაზე, როდესაც სამთავრობო, პროპაგანდისტული მედია POSTV-ის გადამღები ჯგუფი გუგუჩიას სახლში მივიდა და აქტივისტსა და მის ცოლს პროვოკაციულ შეკითხვებს უსვამდა. აღნიშნულს დაპირისპირება მოჰყვა.

თავდასხმის შედეგად, ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გუგუჩიას ცოლმა, დედამ და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

დღეს გუგუჩიას ცოლმა მირანდა ჯობავამ Facebook-ზე დაწერა, რომ აქტივისტს ორი მუხლით უყენებენ ბრალს - ძალადობა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა.

***

გუგუჩია არის იმ მაღაზიის მეპატრონე, საიდანაც ქართული ოცნების დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა ერთ-ერთ ადამიანს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა. რის შემდეგაც იგი მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ "ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა".