შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის რეაგირებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადებები "შეუსაბამოა". ამის შესახებ მან მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა.
"6 ნოემბერს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი გახლდათ სწორედ უკანანო ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინება [...] ოკუპირებული გალის რაიონში თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტს, რომელსაც მოჰყვა, გარკვეულწილად, შეუსაბამო განცხადებები თუ სპეკულაციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან თითქოს არასათანადო რეაგირებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ოჯახს და აქვე აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზის გააქტიურება, შსს-ის მიერ კი აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით და დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა მან.
საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ინფორმაცია 10 დეკემბერს გავრცელდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კარბაია დოკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფა და ცემა დაიწყეს. ნაცემი კაცი ჯერ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
სუს-ში ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ ადასტურებენ მისი უკანონოდ დაკავების მცდელობას.
მომხდარს გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის ელემენტარულ უფლებებს სასტიკად არღვევს.
ფორმულას ინფორმაციით, გალში მოკლული საქართველოს მოქალაქის თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების 10-მდე თანამშრომელი. მათ შორის, ე.წ. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.