ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხის გარშემო პოლიციელები დადგნენ

ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხის გარშემო პოლიციელები დადგნენ

პარლამენტის წინ, სადაც თბილისის მერია ნაძვის ხეს აწყობს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია იმართება - მოქალაქეები და ჟურნალისტები მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის შემთხვევებს აპროტესტებენ.

პოლიციამ ახლადდამონტაჟებული ნაძვის ხე ალყაში მოაქცია. კონსტრუქციას, რომელზეც მედიის წარმომადგენლებმა ნაცემი ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები ჩამოკიდეს, ახლა საპატრულო პოლიცია იცავს.

მანამდე, მედიის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

ჟურნალისტები, ოპერატორები, ჩართვის ოპერატორები და მედიის სხვა წარმომადგენლები აქციას მედიის მიმართ ტერორისა და რეპრესიების გასაპროტესტებლად მართავენ.

გუშინ, ტვ პირველის რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ, ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

ამასთან, ჟურნალისტ მაკა ჯანაშიას, რომელმაც ბესიკის ქუჩაზე ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები გადაიღო, ე.წ. ტიტუშკები სასტიკად გაუსწორდნენ.

საპროტესტო აქციების განმავლობაში, სპეცრაზმელებისა თუ ე.წ. ტიტუშკების მხრიდან თავდასხმამ არაერთი ჟურნალისტის ფიზიკურად დაზიანება გამოიწვია.