პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის ტრიბუნიდან სპორტულ კომენტატორს "პოლიტიკურად მიკერძოებული" უწოდა, რადგანაც ამ უკანასკნელმა ახალი სტადიონის საჭიროება ეჭვის ქვეშ დააყენა. საუბარია ტატო ბაციკაძეზე, რომელმაც ახალი სტადიონის მშენებლობაზე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ისაუბრა და მთავრობის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები არაერთხელ გაუჟღერებია.
მთავრობამ 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება გადაწყვიტა. ახალ პროექტზე კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის დროსაც ისაუბრა.
"ჩემდა გასაკვირად, ამ ინიციატივასაც კი გამოუჩნდა კრიტიკოსები. კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ ეს კრიტიკოსები თავს დებენ სპორტის გულშემატკივრობაზე, მათ შორის, ერთ-ერთი სპორტის კომენტატორი, არ ვიცი მისი სახელი და გვარი, გამოდიოდა და სცადა ამ პროექტის გაკრიტიკება. მე არ ვიცი ამას რა შეიძლება, დაერქვას, როცა ხარ პოლიტიკურად მიკერძოებული. როგორც ჩანს, დაბინდული გაქვს თავიდან ბოლომდე გონება და გულშემატკივრობაც გადადის უკანა პლანზე. რეალურად ეს პროექტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენი საზოგადოებისთვის", - თქვა კობახიძემ.
საფეხბურთო კომენტატორმა ტატო ბაციკაძემ BM.GE-სთან თქვა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მისასალმებელია, თუმცა ახალი სტადიონის აუცილებელი საჭიროება ქვეყანაში არ დგას. მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არაერთი უფუნქციო სტადიონია, თანხები, რომელიც ახალი სტადიონის ასაშენებლად უნდა გამოიყოს, არსებული სტადიონების, მათ შორის უფუნქციო სტადიონების განვითარებასა და რეკონსტრუქციას რომ მოხმარებოდა, უკეთესი იქნებოდა.
"ქალაქში, სადაც მიხეილ მესხის და დინამოს სტადიონია, კიდევ ერთი დიდი სტადიონის აშენება საჭირო არ არის. ცუდი ნამდვილად არ არის, თუმცა ამ მომენტისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ. თავდაპირველად, როდესაც თქვეს, რომ ამ სტადიონის აშენება უნდოდათ, გამიკვირდა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს დინამო თავის ფუნქციას დაკარგავდა. თუ ახალ სტადიონზე ნაკრებმა უნდა ითამაშოს, მაშინ დინამოს აღარაფერი რჩება, გარდა თბილისის დინამოს თამაშებისა, რაც სტადიონს შემოსავალს საერთოდ არ აძლევს და რეალურად ფუნქციასაც უკარგავს.
ეს სტადიონი კერძო მფლობელობაში თუ გადავიდა, ვინმემ იყიდა და მან შეინახა, მაშინ არ ვიცი, თუმცა ამ მომენტისთვის ისე ჩანს, რომ სტადიონი სახელმწიფოს შესანახი იქნება. ანუ, რეალურად ჩვენი შესანახი იქნება. საქართველოს ნაკრების ყველა თამაში მანდ ითამაშონ, მგონია, რომ სტადიონის შენახვა ძალიან გაუჭირდებათ. რაგბისა და ფეხბურთის თამაშების ჩატარება სტადიონის შენახვისთვის საკმარისი არ იქნება", - თქვა ბაციკაძემ ინტერვიუში.