აიერი: სანქციების არიდება უმრავლესად ხმელეთით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს

აიერი: სანქციების არიდება უმრავლესად ხმელეთით ხდება, თუმცა ფრენებიც უნდა გაკონტროლდეს

დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი, კუმარ აიერი ამბობს, რომ სანქციების არიდების უმრავლესი შემთხვევა სახმელეთო საზღვრების გზით ხდება. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლის კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.

საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი იმყოფება. ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში თბილისში ჩამოვიდნენ, ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და კუმარ აიერი.

გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე ო'ბრაიენმა და აიერმა ისაუბრეს სანქციების როლზე უკრაინის ომის კონტექსტში და თქვეს, რომ ვიზიტის მიზანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება სანქციების ეფექტურად აღსრულების მიმართულებით.

სანქციების კოორდინატორებს ჰკითხეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკებს.

"სანქციებისთვის თავის არიდების უმრავლესი მცდელობა ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და ახლა ფოკუსირებული ვართ, რა დამატებითი მექანიზმები შეიძლება იქნას შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი საქონლის მიმოსვლაზე სახმელეთო გზით. თუმცა, საჰაერო მიმოსვლა იქნება მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს", - განაცხადა კუმარ აიერმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სანქციების საერთაშორისო მონიტორინგის წარმომადგენლები ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორდღიანი შეხვედრების შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მთავარი აქცენტი საქართველოს შემთხვევაში კეთდება ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებსაც რუსეთი ევროპიდან მესამე ქვეყნების გავლით შეისყიდის და რომლებსაც ომის იარაღისთვის იყენებს.

პრესკონფერენციაზე კითხვა დაისვა საქართველოს შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით, თუმცა დიპლომატებმა თქვეს, რომ ასეთ დეტალებზე ვერ ისაუბრებენ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ომის საწარმოებლად იარაღი ვერ მიიღოს.