გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება აი ფაქტის ინფორმაციით, გელათს საფრთხე არა მხოლოდ სახურავიდან, არამედ საძირკვლიდანაც ემუქრება - საქმე ეხება გრუნტის წყლებს, რომელიც გელათის ეზოში აღმოსავლეთ მხრიდან შემოდის, გროვდება და შემდეგ ტაძარში ტენის სახით გამოიყოფა.
აი ფაქტი წერს, რომ 2021-2022 წლებში გელათში ცნობილ კლიმატოლოგი, ალესანდრო მასარი იმყოფებოდა, რომელმაც ადგილზე ვითარება შეისწავლა და რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა. მაგალითად, მისი რჩევა იყო, რომ ეკლესიის გარე ტერიტორიაზე სადრენაჟო სისტემა მოწესრიგებულიყო. მაშინ გელათის რეაბილიტაციას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო უძღვებოდა, თუმცა, მასარის რეკომენდაციების მიუხედავად, სააგენტოს, პრობლემის მოსაგვარებლად, რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
აი ფაქტის ცნობით, თუ არ გამოირიცხა გრუნტის წყლის პრობლემა, არ მოწესრიგდა სადრენაჟე სისტემა და სრული კვლევა არ ჩატარდა, გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ სახურავის პრობლემის მოგვარება არ იქნება საკმარისი - მიწიდან შესული ტენის გამო, კედლები სრულად ვერ გამოშრება და მხატვრობის სრული კონსერვაციაც გაჭირდება.
რა გააკეთა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა?
2023 წლის გაზაფხულიდან გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რეაბილიტაცია საპატრიარქოს ხელშია. სპეციალურად ამ საქმისთვის შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი. შესაბამისად, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მათ ევალებათ გრუნტის წყლების შესწავლაც და ამ პრობლემის მოგვარებაც. 2024 წლის აგვისტოში კომიტეტმა დაიწყო გრუნტის წყლების დონის კვლევა. ამ მიზნით ჭაბურღილები გაიყვანეს და შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევაც გამოაქვეყნეს. სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამ მეთოდით გრუნტს ვერ გამოიკვლევენ და სრულ სურათს ვერ დაინახავენ.
ახლა როგორ აპირებს კომიტეტი კვლევის გაგრძელებას ან რა იქნება კვლევისშემდგომი სამუშაო, უცნობია.
ამასობაში კი გეოფიზიკოსი ლადო მირიანაშვილი აი ფაქტთან საუბარში ამბობს, რომ გელათში აღმართული კონსტრუქციები, რომელიც სახურავისთვის დაიდგა, გრუნტის კვლევის პროცესს გაართულებს. კვლევები უნდა ჩატარებულიყო მთავარი ტაძრის ინტერიერშიც, მაგრამ ახლა იქაც ხარაჩოებია და, სავარაუდოდ, ვეღარაფერს შეისწავლიან.