ადვოკატის თქმით, დოლიძესა და გველესიანს ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების შემდეგ მიაყენეს

ადვოკატის თქმით, დოლიძესა და გველესიანს ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების შემდეგ მიაყენეს

ბათუმში რუსების კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ადვოკატი ოთარ ჭანტურიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გიორგი გველესიანსა და გენრი ადოლიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების შემდეგ მიაყენეს.

ფორმულასთან საუბრისას უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დოლიძესა და გველესიანს სისხლჩაქცევები ეტყობათ სახისა და ტანის არეში.

"მე შევხვდი ორივეს, ორივე ნაცემია. როგორც თვითონ აცხადებენ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. უშუალოდ ცემის ფაქტი მოხდა დაკავების შემდგომ მალევე, სანამ განყოფილებაში გადაიყვანდნენ. აქვთ სისხლჩაქცევები და ეტყობათ დაზიანების კვალი ორივეს როგორც სახის, ასევე ტანის არეში. როგორც თვითონ აცხადებენ, ნაცემები არიან მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი აპროტესტებდნენ გემის შემოსვლას ბათუმში და პოლიციელები ძალიან აგრესიულად იყვნენ.

გენრი დოლიძემ როგორც განმიცხადა, როცა პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იკითხა, თუ ვინ იყო დაკავებული და გაიგო, რომ ეს იყო გენრი დოლიძე, ამის შემდგომ იყო მასზე აგრესია და წაქცეულს ურტყეს ფეხები სახის არეში"- ამბობს ადვოკატი.

შსს-ს ცნობით, დღეს ბათუმში მიმდინარე პროტესტზე 23 ადამიანი დააკავეს.

***

ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.

28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.

ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.

ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.