ადვოკატის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს. შუბითიძე გუშინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს.
შუბითიძის ადვოკატის, დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, სერგო შუბითიძემ სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი სხვა მობილურ ტელეფონში შეეშალა.
ადვოკატის თქმით, გარდა იმისა, რომ შუბითიძე ბრალს აღიარებს, ასევე ინანიებს, რომ ხელი დაადო საჯაროდ მის კოლეგებს, როგორც საქმის სავარაუდო გამყალბებლებს.
29 აპრილს, შაბათის ფორმულამ ჩაწერა 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე, რომელიც აქამდე უცნობ დეტალებს ჰყვება. გამომძიებლის თქმით, საქმის გამოძიება გაყალბდა.
საქმის გამომძიებელი შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე საუბრობს. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.